ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროაქტივი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდებიან, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს. მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა განიხილება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი – ესტონეთის პრემიერი კაია კალასი.
ამასთან, სავარაუდოდ, თანამდებობას ასევე შეინარჩუნებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. 27-28 ივნისს კი ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დაადასტურებენ წარდგენილ კანდიდატურებს.