ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტზე, გაფართოების პოლიტიკასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა
ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტზე, გაფართოების პოლიტიკასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტზე, გაფართოების პოლიტიკასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს გასული წლის ევროკავშირის საბჭოს სამიტსა და პირველ თებერვალს დაგეგმილ სპეციალურ სამიტზე.

ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაჯა ლაჰბიბმა იმედი გამოთქვა, რომ 27 წევრი ქვეყანა პირველ თებერვალს მიაღწევს შეთანხმებას ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის რეფორმის შესახებ, რომელიც იქნება საფუძველი პარლამენტთან მოლაპარაკებებისთვის. ბელგიელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელების შეფასება ევროკავშირის სახსრების განბლოკვისთვის კომისიის ამოცანაა.

დებატების დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს მსოფლიოს ნავიგაციაში კონფრონტაციის, კონფლიქტის, ფრაგმენტაციისა და შიშის ეპოქაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, როგორიცაა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს უკრაინის მუდმივი არსებითი და მდგრადი მხარდაჭერა. უნგრეთში შექმნილი ვითარების განხილვისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიცვა კომისიის ბოლო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაბლოკილი სახსრების ნაწილის გათავისუფლების შესახებ.

დებატების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარების თქმით, ევროკავშირის საბჭომ უნდა წარმოადგინოს და მზად იყოს, განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც უკავშირდება გაძლიერებულ თანამშრომლობას ან მე-7 მუხლის პროცედურის წინსვლის შესაძლებლობას უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის მიზნით. ბევრმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ დაემორჩილონ უნგრეთის შანტაჟს. ზოგიერთმა გამომსვლელმა ასევე ისაუბრა ევროპის თავდაცვის კავშირის იდეის აღორძინებაზე, რომელიც მზად უნდა იყოს პუტინთან დასაპირისპირებლად.