ევროკავშირის ენერგოგაერთიანებაში აცხადებენ, რომ მზად არიან, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან იმუშაონ
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი, – აღნიშნავს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დირკ ბუშლე, გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში, იქნება შუამავალი მხარეებს შორის, აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტის, პროცედურების შეფასების მიზნით.
„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას“, – აღნიშნავს დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზში, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, გამოხატეს შეშფოთება ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე.
„ბოლო თვეების განმავლობაში, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა, აპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. მარტში, პროექტის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები და მთავრობა შეთანხმდნენ კაშხლის მშენებლობის დროებით, სულ მცირე, ცხრა თვით შეჩერების შესახებ,“ – ნათქვამია რელიზში.
„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.
„გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს, ასევე ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან, დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომლის დროსაც განხილული იქნა ნამახვანი ჰესის პროექტში ევროკავშირის მაღალი დონის ენერგეტიკული ორგანიზაციის ჩართულობის საკითხი.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის, დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.