ევროკავშირი მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს – „კონფლიქტი საქართველოში“.
ევროკავშირის დელეგაციამ გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში“ განცხადება გააკეთა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შენარჩუნებას და მოუწოდებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, განაგრძოს აღნიშნული ანგარიშების წარდგენა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი ხაზს უსვამს კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობის და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით.
ევროკავშირი გმობს ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, ადგილზე მდგომარეობა კვლავ უარესდება. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების გამო და აღნიშნავს, რომ გაიზარდა მონაკვეთი, სადაც გავლებულია მავთულხლართები, ასევე დამონტაჟებულია სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა ბარიერები. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სოფელ ერედვში ომით დაზიანებული სახლების მიმდინარე ნგრევა, ასევე ცნობები რეგიონის სხვა სოფლებში ადრე მომხდარი განადგურების ფაქტების შესახებ. უფრო მეტიც, ახალი “წესების” შემოღებამ, რაც სხვა საკითხებთან ერთად აღრმავებს აფხაზეთის გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის დოკუმენტაციის პრობლემას, კიდევ უფრო გაამძაფრა ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც შეზღუდული წვდომა ძირითად უფლებებსა და მომსახურეობაზე.
ევროკავშირი მოუწოდებს ეფექტიანი კონტროლის მქონე ძალას, მოხსნას ყველა შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილებისთვის, თავიდან აიცილოს უკანონო დაკავებები, მათ შორის ე.წ „საზღვრის უკანონო კვეთის“ კონტექსტში, აგრეთვე თავიდან აიცილოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას გამშვები პუნქტები, ადგილზე გამოიძიოს ყველა დანაშაული და ადამიანის უფლებათა დარღვევა. განათლების უფლება უნდა იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი ყველასთვის, მათ შორის საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას ორივე რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუერთდებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, ხელი შეუწყონ ბავშვთა განათლების უნივერსალური უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების პატივისცემას. ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არ არის პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე. ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია განსახლების პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი.
ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით განაგრძობს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის საკითხის გრძელვადიან მოგვარებას. მივესალმებით, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის გაზრდას იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ყურადღება ექცევა სასმელი და საირიგაციო წყლების, გათბობისა და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების მიღებას, ასევე სოციალურ და სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან წვდომის კუთხით არსებულ სირთულეებს.
ევროკავშირი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარეები განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას და ამ ფორმატის ფარგლებში გრძელდება ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე დისკუსიები. ამ მხრივ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ ნათელი ვალდებულების აღება არის აუცილებელი. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპის საბჭოს მიმდინარე და დაგეგმილ ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომლებიც ჟენევის თანათავმდჯომარეების ძალისხმევას შეესაბამება და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ შეკრიბოს ყველა ჩართული მხარის სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ევროკავშირი, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, განაგრძობს, ჰუმანიტარულ, დაცულობის, განვითარებისა და სხვა თანამშრომლობის ფართო ღონისძიებების მხარდაჭერას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში, განსაკუთრებით ნდობის აღდგენისა და რეაგირების მექანიზმის მეშვეობით. ევროკავშირი მოუწოდებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისკენ, სადაც საჭიროა მსგავსი ქმედებების განხორციელება. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გრძელდება რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებები და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესვლა რეგიონებში. ევროკავშირი მწუხარებას გამოხატავს, რომ სამდივნოს დელეგაციას, მონიტორინგის ორგანოებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს არ მიეცათ საშუალება შესულიყვნენ სეპარატისტულ რეგიონებში.
ევროკავშირი მოითხოვს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. ასევე, მოუწოდებს გატარდეს სამოქალაქო საზოგადოებისა ან დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების შემდგომი ღონისძიებები. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ხელი შეუწყოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში, ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების შესვლას, როგორც მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში მიღებულ რეზოლუციაში (HRC/34/L.13)“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.