ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია
ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია

ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ გამოეხმაურნენ.

განცხადებაში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები მიესალმებიან გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამენ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ისინი გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევის ფაქტებს.

„საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება კვლავ საგანგაშოა. ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ე.წ. „ბორდერიზაცია“ და ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტები, რაც იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის ირღვევა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა როგორც ევროკავშირისა და სუამი-ს სახელით, ისე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მხრიდან.