ევროკავშირის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის გადავადებას არ გამორიცხავს
ევროკავშირის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის გადავადებას არ გამორიცხავს

ევროკავშირის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი საჭიროების შემთხვევაში მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის კიდევ ერთხელ გადავადებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დრაგიმ განცხადება ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

დრაგიმ განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზაა. იმ შემთხვევაში, თუ ევროს ზონაში შემავალი 19 ქვეყნიდან თითოეული ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელი არ დაემთხვა ერთმანეთს, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ერთიანი ეკონომიკის ზრდის ტემპს აუწყობს ფეხს და ევროზონის საერთო ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის პროგნოზს ახალი რეალობის მიხედვით განსაზღვრავს.

მარტის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გადადო მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის დაგეგმილი გრაფიკი, რომელიც ზაფხულის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. მიზეზად რეგიონში ეკონომიკისა და წარმოების ზრდის სუსტი მაჩვენებლები დასახელდა. შესაბამისად, არსებული საპროცენტო განაკვეთები, დიდი ალბათობით, 2019 წლის ბოლომდე არ შეიცვლება.

მიმდინარე თვის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც შეამცირა და დეკემბერში გამოქვეყნებული 1.7 პროცენტიდან 1.1 პროცენტამდე დაწია.

ანალიტიკოსების აზრით, ევროზონის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა იტალიის პოლიტიკურმა კრიზისმა, რის შემდეგაც ქვეყნის ეკონომიკაში 2018 წლის ბოლოს რეცესია დაიწყო. ასევე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ირგვლივ არსებულმა გაურკვევლობამ.

ფრანკფურტის გამოსვლაში დრაგიმ განმარტა, რომ ევროზონის ეკონომიკის ტემპის დროებითი შენელება რეცესიას არ მოასწავებს.

2011 წლის სავალო კრიზისის შემდეგ ევროზონაში მთავარი საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, რათა ინფლაციისა და ეკონომიკის ზრდა წაახალისოს. ევროპის ცენტრალურ ბანკს ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც, რომ ის მეტისმეტად ფართო მასშტაბით ეხმარება ეკონომიკას და არსებობს რისკი, რომ ეკონომიკის ვარდნის განმეორების შემთხვევაში, მას ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ინსტრუმენტების არსენალი ამოწურული ექნება.

დრაგი კრიტიკას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა მიზნის პროპორციულია და ინსტრუმენტების ნაკლებობის საშიშროება არ არსებობს.