პეტერ მადიარი აცხადებს, რომ, შესაძლოა, უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურ „პაკშის“ ყველა რეაქტორის მუშაობა 4 ან 5 აგვისტოს სრულად შეჩერდეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მდინარე დუნაის წყლის დაბალი დონის გამო ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურ „პაკშს“, შესაძლოა, 4 ან 5 აგვისტოს ყველა რეაქტორის მუშაობა სრულად შეუჩერდეს.
როგორც მადიარმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლო მოქმედი ენერგობლოკი გაითიშება, თუ დუნაის წყლის დონე მინუს 134 სანტიმეტრს ჩამოსცდება. ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, ეს, შეიძლება, სამშაბათს ან ოთხშაბათს მოხდეს.
პირველი ბლოკის ხელახალ ჩართვას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება, ხოლო ატომური ელექტროსადგური სრული სიმძლავრით მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა წყლის დონე მინუს 107 სანტიმეტრს გადააჭარბებს.
მადიარმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის, თუმცა ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, მადიარმა გააკრიტიკა წინა მთავრობა იმის გამო, რომ ბრიუსელთან მისი კონფლიქტის გამო ქვეყანამ ევროკავშირის დაფინანსება ვერ მიიღო, რომელიც განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას მოხმარდებოდა.
„ახლა ჩვენ გამოცდილებაზე ვხვდებით, რამდენად გვჭირდება ევროკავშირის სახსრები, რომელთა მოზიდვაც წინა მთავრობამ ვერ შეძლო“, – აღნიშნა მადიარმა.
მისივე თქმით, მომავალ წლებში უნგრეთი მნიშვნელოვანი რაოდენობის ქარის ტურბინებისა და ენერგიის შესანახი სიმძლავრეების მშენებლობას დაიწყებს.