ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა შესაძლოა, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდეს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე დაწესებული შეზღუდვა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდება.
ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ივლისიდან მოიხსნება. ამის შესახებ განცხადება საშინაო საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა გააკეთა.
„მე მჯერა, რომ შენგენის ზონის სრული ფუნქციონირება ივნისის ბოლოს დაიწყება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა მზადაა, შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება აღდგეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ „გადაწყვეტილების მიღებისთვის ჯერ მზად არ არის და მოვლენების განვითარებას დააკვირდება“. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.
იოჰანსონის განცხადებით, შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების განახლება რთული აღმოჩნდა, რადგან ბევრ ქვეყანას კორონავირუსის შემთხვევების მატების ეშინია.
რაც შეეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვას, ევროკომისარმა თქვა, რომ სავარაუდოდ ეს აკრძალვა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდება.
„ამას მხარი დაუჭირა ბევრმა ქვეყანამ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა იოჰანსონმა.
მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვის ვადა 15 ივნისამდე იყო განსაზღვრული. ეს შეზღუდვა ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც.
შენგენის ზონაში ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა, ასევე შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი შედის. ამ სახელმწიფოებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ არის შესაძლებელი, თუმცა, პანდემიის გამო ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები დროებით ჩაკეტა.