ევროკავშირის 14 ქვეყანა მხარეებს იდლიბში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის 14 ქვეყანა მხარეებს იდლიბში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ევროპული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასადის არმიამ და მისმა მხარდამჭერმა ძალებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში სამედიცინო პერსონალის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეუფერხებელი გადაადგილება უნდა უზრუნველყონ. ამასთან ერთად, მათ 2018 წლის შემოდგომაზე, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება უნდა დაიცვან.
დოკუმენტში ევროპელი დიპლომატები ცალკე მიმართავენ რუსეთს, რომელიც ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვს თურქეთთან დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, რათა საშინელი მდგომარეობა განიმუხტოს და ვითარების მოგვარების დიპლომატიური გზები გამოინახოს.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარების მიერ წარმოებული ოპერაცია შეცდომაზე არის დაფუძნებული. ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ის პირი, რომლებმაც სირიაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ჰააგის ტრიბუნალზე უნდა წარსდგნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იმყოფება. დოკუმენტს გერმანიის, ბელგიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, ფინეთის, საფრანგეთის, შვედეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს.
სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი რუსეთის ავიაციის დახმარებით უკვე რამდენიმე თვეა იდლიბის პროვინციაში მასშტაბურ ოპერაციას აწარმოებს. აღნიშნული რეგიონი ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი პროვინციაა. თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.