ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს
ევროკავშირი მილიარდობით ევროს გამოყოფს წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. მისივე თქმით, რეაგირების დაჩქარების მიზნით მოიხსნება ზოგიერთი პირობა, რომელიც მსგავს ფონდებს ახლავს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც სტიქიური შედეგად დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევა, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.
„ეს არის განსაკუთრებული დრო და განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. თავდაპირველად ფონდიდან შესაძლებელია ათი მილიარდი ევროს მობილიზება დაზარალებული ქვეყნებისთვის. ეს საგანგებო რეაგირებაა. თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფის შემდგომ რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, შეხვედრაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია შეხვედრის შედეგებითა და ევროკომისიის დეკლარაციებით.
ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის მოსალოდნელი ადიდებისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.