ევროკავშირი თბილისში ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენს
ევროკავშირი თბილისში ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენს

თბილისში, დღეს ევროკავშირი ახალ საგარეო ინვესტირების გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა.

„ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმაზე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარი) გამოყოფას. ამ ინიციატივის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სტიმულირება, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით.

მონაწილეები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ ინვესტირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შემდეგ სფეროებში: მდგრადი განვითარება და ურთიერთკავშირები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და ციფრული ტექნოლოგიები“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.