ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა – EU4Digital მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროგრამის პრეზენტაცია დღეს „ტექნოპარკში“ გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ გახსნეს.
„ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM) ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართული ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში და პროექტის ფარგლებში შექმნილ ქსელში – EU4Digital 6, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს სინერგიას ციფრულ სფეროში და ჰარმონიზების კუთხით ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებას“ – განაცხადა ლაშა მიქავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად ქართველი მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის დაბრკოლებების გარეშე ხელმისაწვდომი იქნება ევროპული ციფრული სერვისები.
ლაშა მიქავას თქმით, ეს იქნება უდიდესი მიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ ექნებათ შეუზღუდავი წვდომა ბაზრებზე, ასევე ინფორმაციაზე და ევროპული ციფრული ბაზრების სხვადასხვა სერვისებზე.
„დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოდან ყველა დაინტერესებულ მხარისთვის დეტალურად იყოს წარდგენილი ევროკომისიის ინიციატივის – HDM/EU4Digital სტრუქტურა, დაგეგმილი აქტივობები და მათი განხორციელების შედეგები. ვიმედოვნებთ, დასახული მიზანი მიღწეული იქნება, რაც მძლავრ იმპულსს მისცემს ჩვენს ერთობლივ საქმიანობას ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ახალი პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის გავრცელებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას. ინიციატივა მოიცავს ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, კიბერუსაფრთხოება, ციფრული უნარ-ჩვევები.