ევროკავშირი საქართველოში ახალი და უსაფრთხო გზების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 6,136,000 ევროს გამოყოფს
ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში ახალი და უსაფრთხო გზების განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტი გააფორმეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ტექნიკური დახმარება საქართველოს სატრანსპორტო კავშირისთვის წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 7 წლიან პროგრამას 6,136,000 ევროს (დაახლოებით 19 მილიონი ლარის) ოდენობის მთლიანი ბიუჯეტით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს საგზაო ქსელში ახალი ინვესტიციებისთვის აუცილებელი ტექნიკური კვლევები მომზადდება, ასევე პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული საგზაო პროგრამის განხორციელების მხარდასაჭერად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობათა გაძლიერებასა და ტრენინგს. ჩატარდება კვლევები პროექტის განხორციელების შესაძლებლობასა და დაგეგმვაზე, რომელიც აუცილებელია სახიფათო საგზაო მონაკვეთების (საგზაო-სატრანსპორტო ინციდენტების კონცენტრაციის მონაკვეთების) აღმოსაფხვრელად.
პროექტი 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.
როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა, ლორენს მერედიტმა აღნიშნა, გაუმჯობესებული საგზაო ქსელები ეკონომიკური განვითარების ძირითადი ელემენტია, რომელიც ადამიანებს შორის კავშირებს ქმნის და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გაცვლებისა და ვაჭრობის საშუალებას იძლევა.
„ეს პროექტი ჩაუყრის საფუძველს უახლოეს წლებში საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების აშენებას“, – განაცხადა მან.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში საგზაო სექტორის მხარდაჭერის უახლესი ინიციატივაა. 2012 წლიდან ევროკავშირი და ევროკავშირის ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი ხელს უწყობენ საქართველოს სატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაციას, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე 68 კილომეტრზე მეტი გზა აშენებულია და/ან რეაბილიტირებულია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით.