ევროკავშირი მზად არის, თურქეთში სირიელი ლტოლვილების დახმარება დააჩქაროს
ევროკავშირი მზად არის, თურქეთში სირიელი ლტოლვილების დახმარება დააჩქაროს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროკავშირის საბჭო თურქეთის ლიდერთან შეხვედრას გულწრფელს და აუცილებელს უწოდებს.
მოლაპარაკებების მთავარ თემას ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე შექმნილი მიგრაციული სიტუაცია და სირიის კრიზისი წარმოადგენდა. ამ მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაუდასტურა მხარდაჭერა საბერძნეთს, კვიპროსსა და ბულგარეთს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ბრიუსელი აცნობიერებს თურქეთის ძალისხმევას, შეიფაროს მილიონობით ლტოლვილი.
„ევროპის საზღვარზე ამჟამინდელი მიგრაციული დაძაბულობის შემცირება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ევროპა მზად არის, დააჩქაროს თურქეთში სირიელებისა და მათი მასპინძლების მხარდაჭერა. სასწრაფოდ საჭიროა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მდგრადი რეჟიმი და გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჰუმანიტარული დახმარება მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მზად არის, იდლიბში იძულებით გადაადგილებული პირები დამატებითი დახმარებით უზრუნველყოს”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.