ევროკავშირი მინსკს მოუწოდებს, დაკავებული პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
ევროკავშირი მინსკს მოუწოდებს, დაკავებული პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა.
„ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ვიქტორ ბაბარიკო და მისი შვილი ედუარდი, ასევე უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოახლოებული არჩევნების ფონზე, ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი 18 ივნისს დააკავეს, როდესაც ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩევლების ხელმოწერების წარსადგენად მიდიოდნენ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.