ევროკავშირი ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით ტარიფს აწესებს
ევროკავშირი ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით ტარიფს აწესებს

ევროკავშირი მომავალი თვიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით 38,1%-მდე ტარიფს აწესებს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ევროკომისიამ გადაწყვეტილების შესახებ ავტომწარმოებლებს უკვე აცნობა.

ევროკავშირის დროებითი გადასახადები 4 ივლისიდან შევა ძალაში.

კერძოდ, ევროკავშირმა BYD-ის ელექტრომობილებზე 17,4%-იანი ტარიფი დააწესა, 20%-იანი – Geely-სთვის და 38.1%-იანი – SAIC-სთვის.

ერთი თვით ადრე ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები აშშ-მა გააოთხმაგა და 100%-მდე გაზარდა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს და ჩინური კომპანიების ლეგიტიმური უფლებების დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მტკიცედ მიიღებენ.

ევროკავშირში გრძელდება ელექტრომობილების სუბსიდირებასთან დაკავშირებული გამოძიება.

მარგარიტის სხინასის თქმით, ჩინეთის ელექტრომობილების მწარმოებლები უსამართლო სუბსიდირებით სარგებლობენ, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მწარმოებლებს.

„დღეს ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა ევროკომისრების კოლეგიას ჩინეთში ელექტრომობილების ღირებულების ჯაჭვთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების წინასწარი შედეგები წარუდგინა. კერძოდ, ფასწარმოქმნის ეს ჯაჭვი სარგებელს იღებს უსამართლო სუბსიდირებისგან, რაც ქმნის ეკონომიკური ზარალის საფრთხეს ევროკავშირის ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის. ამის საფუძველზე ევროკომისია დაუკავშირდა ჩინეთის ხელისუფლებას აღნიშნული მიგნებების განსახილველად და განსაზღვრული საკითხების მოსაგვარებლად შესაძლო გზების განსახილველად“, – განაცხადა მან.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 21%-იანი ტარიფები დაეკისრებათ იმ კომპანიებს, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და 38,1%-იანი ტარიფი დაუწესდებათ მათ, ვინც არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. ახალი ტარიფები დაემატება ევროკავშირში უკვე არსებულ 10%-იან ტარიფს.