ევროკავშირი იდლიბში ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვას ითხოვს
ევროკავშირი იდლიბში ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვას ითხოვს

ევროკავშირი იდლიბში ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვას ითხოვს, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ განმუხტონ სიტუაცია.

„მიმდინარე ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არსებობს მასშტაბური და ღია საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის რისკი. შექმნილი სიტუაცია იწვევს მიუღებელ ჰუმანიტარულ ტანჯვას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ევროკავშირი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად საჭირო ზომების მიღებას განიხილავს.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე გუშინ ღამით მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.