ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, საჭიროა სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება.
„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ დიალოგისა და დიპლომატიური ჩართულობისკენ. ჩვენ ყოველთვის ვემხრობით დიალოგის შანსს“, – აღნიშნა მოგერინიმ.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
„ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, შეასრულოს ბირთვული შეთანხმების ყველა პირობა და ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ბირთვული შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა მოგერინიმ.
ირანთან დაკავშირებით სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმაც. მისი თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს ერთი მიზანი აქვთ, თუმცა ისინი სხვადასხვა გზებით მიდიან და აქვთ განსხვავებული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიაღწიონ დასახულ მიზანს. მისი განმარტებით, ევროკავშირისა და აშშ-ის მიზანია, არ დაუშვან, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა აღნიშნა, რომ არსებობს საშიშროება, კონფლიქტი უნებლიე შეცდომის გამო გაჩაღდეს. ამის პარალელურად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გამკაცრება გააკრიტიკა.
13 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბრიუსელში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ირანთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების პირობების ნაწილს აღარ შეასრულებს.