ევროკავშირი - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია
ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია,- განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ოფისი ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთში (საქართველო) განვითარებული ბოლო მოვლენები – კერძოდ, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია.
ჩვენ ვუსამძიმრებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. პატიმრობიდან საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველოდებით, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას, გაემგზავრონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია შეიქმნას დამატებითი ზომები გამჭვირვალობისთვის და ნდობის ამაღლებისთვის.
„ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე, მონიტორინგის მისიის მუშაობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.