ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვის მოთხოვნას დააყენებს
ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვის მოთხოვნას დააყენებს

ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას. ვითხოვ, ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი“, – აცხადებს ლინკევიჩუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დასვამს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.