ევრობასკეტი 2022 | კონერ ფრენკამპი - ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა [ვიდეო]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ახალი, მერვე ლეგიონერია – ამერიკელი კონერ ფრენკამპი. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და 19 თებერვალს სერბეთის, ხოლო 21-ში ფინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გთავაზობთ მის პირველ ქართულ ინტერვიუს, რომელიც ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ მოგვაწოდა.
„კალათბურთის თამაში ძალიან პატარამ დავიწყე. პირველი მატჩი 5 წლისამ გავმართე. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდანვე მიყვარდა, ვარჯიში არასოდეს შემიწყვეტია და დღეს აქ ვარ, პროფესიონალი კალათბურთელი.“
„საქართველოში ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში სუპერლამაზი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ამაში თბილისში ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი. საქართველოს ნაკრებში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს ოჯახში. ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩები და კიდევ უკეთ გავიცნობ.“
„თად მაკფადენს ორი თუ სამი კვირის წინ შევხვდი. ესპანეთში ჩვენმა გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. მატჩის შემდეგ თადს საქართველოს შესახებ ველაპარაკე. მითხრა, რომ აქ ყველაფერი მოსწონს. მის სიტყვებში თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი.“
„საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემომთავაზეს, ძალიან გამეხარდა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყნის ღირსების დაცვა. ვეცდები კარგად ვითამაშო, გუნდთან ერთად გავიმარჯვო და წინ წარმატებულად ვიარო. მინდა კარგად გავუგო ქართველ კალათბურთელებს და მათთან ერთად მოვიპოვო გამარჯვებები. გიორგი შერმადინი ესპანეთში ძალიან სახელოვანი კალათბურთელია. მის გვერდით თამაში ჩემთვისაც საინტერესოა.“
„რას უნდა ელოდეს ქართველი გულშემატკივარი ჩემგან? პირველ რიგში ორ გამარჯვებას უახლოეს მატჩებში. გუნდურ თამაშს. შემიძლია ჩაგდება, პასი… უნდა ელოდოს, რომ ქვეყანას კარგად წარმოვაჩენ.“
„16 წლისა ვიყავი ამერიკის ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოვიგე. ნაკრებთან ერთად გამარჯვება განსხვავებულია. თუმცა ახლა უკვე ზრდასრული ვარ, ნაკრებიც სხვა მყავს, მიზანი იგივეა – გამარჯვება.“
„საქმეს კი ევრობასკეტის შესარჩევით ვიწყებთ. ვიცი, რომ სერბეთი კარგი გუნდია. მას გამარჯვება სჭირდება, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს. ეს გუნდი იმსახურებს დიდ პატივისცემას და დიდ ყურადღებას ჩვენგან. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ფინეთს, მასზე შაბათს, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვილაპარაკებთ“.
„ყველაზე ტკბილი საკალათბურთო მოგონება მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკის ნაკრებთან ერთად მოგებული ოქროს მედალია. მაშინ 17 წლისა ვიყავი და ამიხდა ბავშვობის ოცნება. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მაშინდელი ნაკრების წევრთა უმეტესობა ახლა NBA-ში თამაშობს. ამიერიდან უკვე სხვა ნაკრებთან, საქართველოსთან ერთად ვიბრძოლებ წარმატებისთვის.“
„რა იყო NBA-ში ჩემი ვერმოხვედრის მიზეზი? – ვერ მოვხვდი ისეთ კოლეჯში, სადაც ვითამაშებდი ისე, როგორც შემიძლია. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიძლია წინ ვიარო და უფროდაუფრო მაღალი დონის კალათბურთი ვითამაშო.“
„იმედი მაქვს, ამ სეზონს კარგად ჩავამთავრებ და მომავალ წელს ევროლიგაზე ვითამაშებ. ამის კარგი შანსი მაქვს. მთელი ზაფხული ბევრს ვიშრომებ. შემდეგ გამოჩნდება, რა მოხდება.“