ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი ნაკრების ახალ ლეგიონერზე - ფრენკამპი დადებითი ხასიათის კალათბურთელია და ჩვენს ოჯახს კარგად შეეწყობა
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი ნაკრების ახალ ლეგიონერზე - ფრენკამპი დადებითი ხასიათის კალათბურთელია და ჩვენს ოჯახს კარგად შეეწყობა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა „ზუმის“ მეშვეობით პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის დანაკლისზეც ილაპარაკა, ახალ ლეგიონერზეც და სერბეთ-ფინეთთან მატჩებში გუნდის მიზნებზეც.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩვენი გუნდი სერბეთს უმასპინძლებს, 21-ში – ფინეთს. ორივე მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„საქართველოს ნაკრების ამერიკელ უკანახაზელ თად მაკფადენს თებერვალში რთული გრაფიკი ჰქონდა, ითამაშა საკონტინენტთაშორისო თასზე არგენტინაში, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ ახალი ამერიკელი გამთამაშებელი ჩამოგვეყვანა – კონერ ფრენკაპი.

იგი მზარდი, ნიჭიერი, მრავალმხრივი კალათბურთელია. თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხარე – კონერი კარგი ხასიათის ადამიანია და გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ერთი ოჯახია, კარგად შეეწყობა“.

ითქვა, რომ ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს უმაღლესი ევროპული დონის ლეგიონერი ეყოლება, იქნება ეს ფრენკამპი?

„ითამაშებს თუ არა ფრენკამპი ევრობასკეტი 2022-ზე? იქამდე ძალიან შორია და რთულია პასუხის გაცემა. ჯერ ახლო პერსპექტივაზე ვფიქრობთ. კონერი ჩამოვიყვანეთ, რომ დაგვეხმაროს 2021 წლის თებერვლის „ბაბლზე“ სერბეთთან და ფინეთთან.

შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება, რომლის ფარგლებში მინიმუმ სამ ფანჯარაში ექვს მატჩს გამართავს. სწორედ ეს შეხვედრები გვიჩვენებს, ითამაშებს თუ არა ფრენკამპი ევრობასკეტი 2022-ზე“.

გაირკვა, რომ სერბეთთან და ფინეთთან ვერ დაგვეხმარება კაპიტანი თორნიკე შენგელია.

„თებერვლის „ბაბლზე“ გვაქვს დიდი დანაკლისი, ვერ ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელიც ტრავმირებულია. მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ვესაუბრეოდი საქართველოში ჩამოსვლის გზებზე, თუმცა ტრავმა მიიღო და თებერვალში ვერ დაგვეხმარება. შენგელია საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია და ჩვენთვის მთავარია მისი ჯანმრთელობა.

ვერ დაგვეხმარებიან ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელებიც. შუა სეზონისას NBA-დან არავინ არავის უშვებს, ვერც გოგა ბითაძე ითამაშებს ნაკრებში. ასეთივე სიტუაციაშია კოლეჯების ლიგაში მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილი. რატი ანდრონიკაშვილი ტრავმირებულია…

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია გიორგი ცინცაძე და უკვე მეორე ფანჯარაა, მის გარეშე თამაში გვიწევს. კოვიდრეგულაციების გამო ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.“

ნაკრებს ძირითადი ბირთვის სამი კალათბურთელი დაემატა, რომლებსაც ნემბრის ორ შეხვედრაში არ უთამაშიათ…

„გვახარებს ესპანეთიდან გიორგი შერმადინის ჩამოსვლა. მას გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა მაინც მოახერხა გამოფრენა, გუნდთან ერთადაა და სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ემზადება. იგივე უნდა ვთქვა ბექა ბურჯანაძეზე და დავამატო – მას ფეხი აწუხებს, თუმცა მაინც ჩამოვიდა და მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს.

ყატარიდან შემოგვიერთდა მიხეილ ბერიშვილი, სერბეთიდან – დუდა სანაძე. ისინი ნოემბრის მატჩებში ვერ დაგვეხმარნენ.

საქართველოს ნაკრებს ოთხი მატჩი აქვს მოგებული და ევრობასკეტის მასპინძლის სტატუსით რომ არ ვსარგებლობდეთ, ჯგუფიდან მაინც გავიდოდით. ეს საშუალებას გვაძლევს გარკვეულ ექსპერიმენტებს მივმართოთ და საქართველოს ნაკრებს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შევაჩვიოთ. მათ ჩვენთან ერთად უნდა ისწავლონ ბრძოლა და გამარჯვება.“

ილიას ზუროსმა ყურადღება გულშემატკივრობაზეც გაამახვილა:

„საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს. გულდასაწყვეტია, რომ თებერვლის „ბაბლისას“ ჩვენს მატჩებს ქომაგი ვერ დაესწრება. ეროვნული ნაკრები ქვეყნისთვის მეტია ვიდრე გუნდი. მისმა წარმატებამ კალათბურთის განვითარებაზე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ ზაფხულს ახალი დარბაზი კვლავ გაივსება გულშემატკივრით, ხოლო ნაკრების გამარჯვებები მეტ პატარას დააინტერესებს კალათბურთით.“