ევრობასკეტი 1997 | როგორ გადაურჩა ავიაკატასტროფას ბირმინგემიდან გამარჯვებით დაბრუნებული საქართველოს ნაკრები [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 1997 | როგორ გადაურჩა ავიაკატასტროფას ბირმინგემიდან გამარჯვებით დაბრუნებული საქართველოს ნაკრები [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტი – ნაკრების დაბადება (ნაწილი 1)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ჩამოყალიბება 1994 წლის 20 მარტს გადაწყდა. ამავე წელს ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ში გაწევრიანდა და ევრობასკეტი 1997-ის წილისყრისას ერთ-ერთ კალათაში აღმოჩნდა ფურცელი ახალი ქვეყნის სახელწოდებით – GEORGIA. ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი „ჯვაროსნებმა“ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში პოლონეთის წინააღმდეგ 1995 წლის 24 მაისს გამართეს.

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭირო იყო ორი ეტაპის გადალახვა: პირველი საკვალიფიკაციო ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გაიმართა, მეორე ეტაპი მიმოსვლით ჩატარდა.

ბირმინგემში ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ: პოლონეთი, ინგლისი, დანია, უელსი, ლუქსემბურგი.

გაირკვა ტურნირის დაწყების თარიღიც, თუმცა ბუნდოვანი იყო საქართველოს ნაკრების ამბები – ბირმინგემში გასამგზავრებელი თანხა სპორტის დეპარტამენტმა გამოყო. ინგლისში ცხოვრებისთვის საჭირო ფული კი, კალათბურთის ფედერაციამ ვერსად მოიძია. გამოსავალი საქველმოქმედო მატჩი უნდა ყოფილიყო, რომელიც 1995 წლის 18 მაისს დაიგეგმა. იგი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ორი შემადგენლობა წარდგა.

მოლოდინი არ გამართლდა – ბილეთებიდან შემოსული თანხა ბირმინგემში საცხოვრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა ბოლო მომენტში საჭირო თანხა მაინც გამოინახა და საქართველოს ნაკრები გერმანიის გავლით ინგლისში გაფრინდა. კალათბურთელები საქართველოდან ისე გაემგზავრნენ, ნაკრების ფორმა არ ჰქონდათ.

სათამაშო მაისურები გუნდის წევრებს სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა გერმანიაში, ფრენებს შორის შუალედში უყიდა.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისის ქალაქ ბირმინგემში 1995 წლის 24 მაისს გამართა, როცა ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციოზე პოლონეთს დაუპირისპირდა. პირველ წუთებს ვახტანგ ნაცვლიშვილი იხსენებს:

„სადაო გდებისას ავხტი და ბურთი ჩემი თანაგუნდელებისკენ გადავაგდე. პირველი შეტევა წარუმატებელი გამოდგა, ავაცილეთ. პოლონელების საპასუხო იერიშიც უშედეგოდ დასრულდა. მატჩის მესამე შეტევისას ჩვენმა გამთამაშებელმა ბურთი ფარქვეშ ნიკოლოზ დერიუგინს ჩაუგდო. იგი ახტა, ნახევარკაუჭით კალათისკენ უნდა ესროლა, თუმცა დამინახა, რომ თავისუფალ პოზიციაში ვიყავი, მაჯის მოძრაობით ბურთს მიმართულება ჩემკენ შეუცვალა. ასეთი ეფექტური პასის გაცუდება წარმოუდგენელი იყო – 2:0. დღესაც მეამაყება, რომ ოფიციალურ მატჩებში ნაკრების პირველი ქულები მე ჩავაგდე.“

 

 

ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბირმინგემში, საქართველოს ნაკრების ამოცანა ექვსგუნდიან ჯგუფში სამ საუკეთესოს შორის მოხვედრა გახლდათ.

„ფავორიტები ინგლისი და პოლონეთი იყვნენ. მათთან დავმარცხდით. ბოლო ორ ტურში აუტსაიდერებთან, უელსთან და ლუქსემბურგთან უნდა გვეთამაშა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიგებდით. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი დანიასთან გვქონდა. ჩვენს შორის ვინც გაიმარჯვებდა, ის მიიღებდა მომდევნო ეტაპის საგზურს,“ – იხსენებს ეროვნული გუნდის პირველ შესარჩევს მიხეილ კობეშავიძე.

ნიკოლოზ დერიუგინმა და გია სანაძემ დანიას 20-20 ქულა ჩაუგდეს, ვახტანგ ნაცვლიშვილმა – 15, ირაკლი ვაშაკიძემ – 13, მიხეილ კობეშავიძემ – 12 და 97:86 გავიმარჯვეთ.

 

დანიასთან მოგების შემდეგ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით. დანიელები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ… უელსთან მატჩის წინა დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს თამაშზე ერთ-ერთი არბიტრი დანიელი უნდა ყოფილიყო,“ – განაგრძობს მიხეილ კობეშავიძე.

ქართველებს ახალი საზრუნავი დაემატათ: დაემტკიცებინათ კომისრისთვის, რომ უელსთან მატჩი დანიელს არ უნდა განესაჯა.

„შეხვედრის წინა დღისით 40 მილის გავლა მოგვიწია ფიბა-ს კომისრამდე რომ მიგვეღწია. დავსხედით და 2 საათი ვარწმუნებდით. კომისარი გვიხსნიდა – ძალიან კარგი ბიჭია და ნახავთ, სამართლიანად თუ არ იმოქმედოსო. ბოლოს ქართულ ამბებსაც გადავწვდით, ვუთხარით – ჩვენს ქვეყანაში იარაღი ახლახან დაყარეს, სპორტის ყველა სახეობა კრიზისშია, ხალხს კალათბურთელების იმედიღა აქვს და იქნებ ჩვენს მდგომარეობაში შეხვიდეთო. მგონია, ამან გაჭრა. მსაჯი შეცვალეს, თუმცა იმ დანიელი არბიტრის ოთახის მეზობელი დაგვინიშნეს,“ – დღეს უკვე ღიმილით ამბობს ნაკრების მეორე მწვრთნელი ნოდარ ქორქია.

 

სამეულში მოხვედრილი ქართველები ინგლისიდან თბილისისკენ ფრანკფურტის გავლით ტუ-164-ით გამოემგზავრნენ…

„გერმანიის აეროპორტიდან აფრენიდან 2 საათში საავდრო ღრუბლებში აღმოვჩნდით. თვითმფრინავი 7-10 წუთით უმართავი გახდა“, – თხრობა რეზო ჩხეიძემ დაიწყო.

„ასეთ ზონაში მოხვედრისას თუ თვითმფრინავმა ცხვირი ოდნავ ასწია, ტრიალდება და უკან ეშვება. ჩვენთან ერთად ქუთაისის აეროპორტის უფროსი მოფრინავდა, რომელიც პილოტებთან შევიდა და იქიდან გაფითრებული გამოვიდა, აიღო ერთი ბოთლი არაყი და ერთიანად დაცალა“, – განაგრძო ბესიკ ლიპარტელიანმა.

„გვეგონა დავიღუპეთ და ეგ იყო, მაგრამ ორ ღრუბელს შორის სივრცე გამოჩნდა და როგორღაც გავძვერით. როცა განათდა, პილოტმა ავტოპილოტი ჩართო, გამოვიდა და გვითხრა: 27 წელია დავფრინავ და ასეთი რამ პირველად შემემთხვაო. თბილისის აეროპორტის გამოსასვლელში პირზე ღიმილი არავის მიჰკარებია. გულშემატკივრები და ჟურნალისტები გაოცებულები შემოგვყურებდნენ, მეორე ეტაპის საგზური მოვიპოვეთ და რა დაღვრემილები გამოდიხართო“, – თხრობა რეზო ჩხეიძემ დაასრულა.