ევრობანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო საუკეთესოა
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის, ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინქმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევრობანკის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი, ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში, ასევე განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის ინკლუზიურობისა და კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მხარეების შეფასებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.
„ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ წლის განმავლობაში და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70 პროცენტი კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან თანამშრომლობა აშკარად ძალიან კარგი გვაქვს. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილი დაესწრნენ.
გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.