ევრობანკი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მეტი ინვესტიციების დაბანდების დროა
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD) აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მეტი ინევსტიციების დაბანდების დრო დადგა. ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელის თქმით, აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია, გატარებული რეფორმების შემდეგ, რამაც მათი ეკონომიკური პოტენციალი გაზრდა, უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოები „ინვესტორებისთვის იმედის მომცემ ქვეყნებად“ დაახასიათა.
ამასთან ერთად, მან მოუწოდა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, გააკეთონ მეტი, რათა წინ წაიწიონ კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებაში, ასევე მეტი ინვესტიცია დააბანდონ ეკონომიკაში და ადამიანურ რესურსში, ყურადღება გაამახვილონ გარემოზე.
„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის“ ხელმძღვანელის თქმით, ეს გააძლიერებს აღნიშნულ სახელმწიფოებში ეკონომიკის ზრდას და წაახალისებს განათლებულ ახალგაზრდებს, ინვესტიციები საკუთარი ქვეყნების ეკონომიკაში ჩადონ და არ იფიქრონ სხვაგან გადასვლაზე“ – ნათქვამია პრესრელიზში.