ევგენი პრიგოჟინი - რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა, ისინი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ
ევგენი პრიგოჟინი - რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა, ისინი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა.

ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ.

„მე გლობალურად არ ვეთანხმები სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ ნავალნის მსგავს ყველა ადამიანს მისცემოდა საშუალება, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. ისინი უნდა შეეკრიბათ, შეექმნათ ერთი საჯარიმო ბატალიონი და ჩემთვის უნდა გადმოეცათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა გმირულად დაიღუპებოდა“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ეს განცხადება პრიგოჟინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციაზე, რომ ის იმ კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც ნავალნი იხდის სასჯელს და პატიმრების გადაბირებას ცდილობდა უკრაინაში საომრად გასაგზავნად.

ამასთან, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პატიმრებს საომრად წასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ „განწმენდის საშუალება ეძლევათ და მეორე შანსს იღებენ ომის საშინელებების გავლის შემდეგ“. მისივე თქმით, „არავის შეუძლია, წაართვას ადამიანს სამშობლოს, დედისა და საკუთარი ოჯახის დაცვის უფლება ნებისმიერი არსებული შესაძლებლობით“.