ევგენი პრიგოჟინი - დიდი ალბათობით, ჩვენ ტერიტორიების ნაწილს დავკარგავთ
როგორც „მოსკოვთაიმსი“ წერს, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სიტუაციის სერიოზულობას აცნობიერებენ, თუმცა ვერაფერს ცვლიან.
„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, მომზადება არ არსებობს. ურთიერთპატივისცემა არ არის. შემდეგ ამ ყველაფერს ზემოთ ისტერიკა ცვლის. ჩვენ ახლა სერიოზულ დანაკარგს განვიცდით. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. დიდი ალბათობით, ჩვენ დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“, – აცხადებს პრიგოჟინი.
მისი თქმით, პუტინს მოსთხოვა, მისთვის 200 000 ჯარისკაცი გამოეყო. პრიგოჟინის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ასევე ურჩია, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ დღეს რუსეთის არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციები დაკარგა.
„თუ ჯარი კიდევ დაიხევს უკან, მაშინ მოწინააღმდეგის უკონტროლო შეღწევა მოხდება. ისინი როგორც კი შევლენ შიგნით, გეზს ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ აიღებენ. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება“, – აცხადებს პრიგოჟინი.
ცნობისთვის, მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის კონტრშეტევის მოგერიება რამდენიმე მიმართულებით შეძლო.