„ევერტონის“ დირექტორი - ანჩელოტი ჩვენთვის იდეალური არჩევანია
„ევერტონის“ დირექტორი - ანჩელოტი ჩვენთვის იდეალური არჩევანია

საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ დირექტორმა მარსელ ბრანდსმა გუნდის ახალ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა. „ევერტონის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ იტალიელი სპეციალისტი მისი გუნდისთვის იდეალური არჩევანია.

„შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, რომელსაც ჩვენი ხელმძღვანელობა ატარებდა, მოხარულები ვართ, რომ „ევერტონში“ ანჩელოტის შევეგებოთ, – ვკითხულობთ მარსელ ბრანდსის სიტყვებს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე. – ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, აღიარებული ტრიუმფატორი, რომელმაც ევროპის ყველა წამყვან ლიგაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ის ჩვენთვის იდეალური არჩევანია. ანჩელოტი გუნდის განვითარების ჩვენეულ ხედვას ბოლომდე იზიარებს. დარწმუნებულები ვართ რომ მისი ენთუზიაზმი და გამოცდილება დიდ წარმატებას მოგვიტანს.

ეს იყო ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ანჩელოტის არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ გამარჯვებების მოტანა შეუძლია. ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინებს, ემოციებსა და იმედებს, რომ გუნდს წინ დიდი პერსპექტივა ელოდება.“ – აცხადებს „ევერტონის“ დირექტორი.

კარლო ანჩელოტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი მწვრთნელია.

იტალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. იგი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

კარლო ანჩელოტი სხვადასხვა დროს იყო: „იუვენტუსის“, „მილანის“, „ბაიერნის“, „რეალის“, „ჩელსის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „ნაპოლისა“ და სხვა დიდი კლუბების მწვრთნელი.