ინგლისის პრემიერლიგამ „ევერტონს“ ათი ქულა დააკლო #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ „ევერტონს“ ათი ქულა დააკლო #1TVSPORT

ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო ინგლისის პრემიერლიგამ საფეხბურთო კლუბ „ევერტონს“ ათი ქულა დააკლო და მერსისაიდული გუნდი გათამაშების ცხრილში მე-19 ადგილზე დაქვეითდა.

პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში ასეთი მკაცრი ჯარიმა ფინანსური წესების დარღვევისთვის ჯერ არცერთ გუნდს მიუღია. ოფიციალურ განცხადებაში „ევერტონმა“ გადაწყვეტილებას შოკის მომგვრელი და არასამართლიანი უწოდა, კლუბი ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავს.

საქმე ისაა, რომ „ევერტონს“ ბოლო სამწლიან პერიოდში 371.8 მილიონი გირვანქა სტერლინგის დანაკარგი ჰქონდა, რაც პრემიერლიგის წესებს ეწინააღმდეგება. თითოეულ კლუბს ამ დროის მანძილზე, მაქსიმუმ, 105 მილიონი გირვანქა სტერლინგის დანაკარგი შეიძლება ჰქონდეს.

დაჯარიმებამდე „ევერტონს“ 12 ტურის შემდეგ 14 ქულა ჰქონდა და პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე იყო. ამჟამად კი ოთხი ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.