ევა ბოჭორიშვილი - ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საბიუჯეტო პარამეტრები ისეთ დონეზეა, რომ მთავრობას საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დასახმარებლად საგარეო ვალი აიღოს, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარი გლობალური ეკონომიკის დიდი შოკიდან შედარებით სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში, გამოცოცხლებას გულისხმობს. მეორე სცენარით ეკონომიკა გაცილებით ნელა იკრებს ტემპს და დაახლოებით მესამე კვარტალში გამოდის მდგომარეობიდან, ხოლო მესამე სცენარით მოსალოდნელია გლობალური ვარდნა.
საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებით, მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეკონომიკისთვის ფისკალური სტიმული მნიშვნელოვანი იქნება და დღეს არსებული საბიუჯეტო პარამეტრები მთავრობას საშუალებას აძლევს, ფინანსური სტიმულისთვის საჭირო თანხა საგარეო ვალის საშუალებით მიიღოს.
„თუ განგრძობითი ხასიათი ექნა ამ ვირუსს და შესაბამისად ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა გაღრმავდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ამ ეტაპზე, რა პარამეტრებიც არის დაგეგმილი, ბიუჯეტის დეფიციტი არის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სამ პროცენტზე დაბლა, სახელმწიფო ანუ მთავრობის ვალი მშპ-ს 40 პროცენტი. თუ ნეგატიური სცენარი განვითარდა და გადასახადები დაგვაკლდა ა.შ. და თუ დამატებითი სესხის აღებაც დაგვჭირდა, ვფიქრობთ, რომ ამჟამინდელი პარამეტრები ისეთ დონეზეა, რომ მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. ფისკალური სივრცე არის იმისთვის, რომ მთავრობამ დამატებითი ვალი აიღოს და ეკონომიკას დაეხმაროს. ამ ნეგატიური სცენარის დროს მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საგარეო დაფინანსება, რადგან ეს ლარსაც ეხმარება და ჩვენ უცხოურ რეზერვებსაც ზრდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რასაც ვუყურებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს გამოყოფილი თანხები, მსოფლიო ბანკსაც აქვს გამოყოფილი თანხები და იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტურიზმზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვთ, რომ ეს სახსრები შედარებით ადვილად მოიძიონ და ეს საკითხიც უნდა განიხილებოდეს ჩვენთან“, – განუცხადა ევა ბოჭორიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.