ეუთოს-ს წარმომადგენლის განცხადებით, დემოკრატიის მომავლისთვის მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
ჰარლემ დეზირის განცხადებით, დემოკრატიის მომავლისთვის მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ 9-10 ოქტომბერს, თბილისში ჩატარებული მედიაკონფერენციის დროს ეუთო-ს წარმომადგენელმა რამდენიმე მნიშვნელოვან აქცენტს გაუსვა ხაზი.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის დროს ჰარლემ დეზირმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციის წვდომის გაფართოებაში. ასევე იმაში, რომ მოქალაქეების ხმა ფართო საზოგადოებამ გაიგოს.
„ამის მიუხედავად, ინტერნეტის დინამიკის ზრდამ, მათ შორის რეგიონში, ინფორმაციით მანიპულირების და სიძულვილის წაქეზების შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა. ისევე როგორც ყველგან, ამ რეალობას სამხრეთ კავკასიაშიც ვხვდებით. საპასუხო ქმედებებისთვის ჩვენ მედია აქტორებთან, ჟურნალისტთა ასოციაციებთან, ინტერნეტპლატფორმებთან და ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს დემოკრატიის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა“, – განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან ერთად, ჰარლემ დეზირმა მედიის მრავალფეროვნებისა და თავისუფალი მედიაგარემოს აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მედიისთვის ეს გამოწვევად რჩება, რადგან ისინი ყოველთვის რეგიონში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების ეპიცენტრში არიან. გასულ წელს რამდენჯერმე გავესაუბრე ქვეყნების ხელისუფლებებს სხვადასხვა საქმესთან და იმ საგანგაშო სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც რეპორტიორების უფლებებს არღვევს. მინდა, შეშფოთება გამოვთქვა, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რეგიონში ამ დრომდე არიან დაპატიმრებული ჟურნალისტები“, – განაცხადა ჰარლემ დეზირმა.
ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისში გამართული მედიაკონფერენციის დროს ეუთო-ს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს წარმომადგენელმა ქართველ პოლიტიკოსებთან ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა განვითარების საკითხი განიხილა.