ეუთო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ზამთრის დადგომასთან ერთად, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობს
ეუთო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ზამთრის დადგომასთან ერთად, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობს. როგორც უკრაინაში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდერ ჰუგმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვევა.
ეუთო-მ ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს განაცხადა კონფლიქტის ესკალაციის საფრთხისა და კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან ნაღმტყორცნების, არტილერიისა და ტყვიამფრქვევების გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ.
2017 წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში 68 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, 320-ზე მეტი კი დაშავდა.
„კონფლიქტი „გაყინულისგან“ ძალიან შორსაა. ის კვლავ აქტიურ ფაზაშია. მისი პროგნოზირება ძალიან რთულია. თუ მინსკში შეთანხმებული ზომები სრულად არ შესრულდება, კონფლიქტი კვლავ დარჩება არაპროგნოზირებადი. ის კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – განაცხადა ჰუგმა „დოიტჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
აგვისტოს დასაწყისში საკონტაქტო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენლები, შეთანხმდნენ, რომ დონბასში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გამოაცხადებენ.