ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვა არარსებულ საზღვარზე ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს
ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა საქართველოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ინსტალაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა უსაფრთხოების სფეროს აქტორებმა განაახლეს აგრესიული, ინტენსიური „ბორდერიზაცია“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ, სოფელ ტახტისძირი მახლობლად.
ჩემთვის კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ეს ქმედებები განხორციელდა მართლმადიდებელი აღდგომის შაბათ-კვირას და ასევე გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე. ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშნების აღმართვა არარსებულ საზღვარზე და მოთხოვნები, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა დატოვონ აღნიშნული რაიონი, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთში დეფაქტო ხელისუფლების ამ და ყველა სხვა ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ აუცილებელ ძალისხმევას ხელს უშლის.
ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ნებისმიერი ნიშნების, სტრუქტურების, ღობეების ან ბარიერების აღმართვა, რაც მიმართულია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უკანონო „ბორდერიზაციის“ გააქტიურებისა ან გაფართოებისკენ.
რუსეთის უკანონო „ბორდერიზაციის“ ქმედებები და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა საზიანოდ აისახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. 2019 წლის სექტემბრიდან, ადამიანების გარკვეული რაოდენობა დაიღუპა, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ არ დართო საქართველოს ამ მოქალაქეებს ნება, გადაეკვეთათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი სამედიცინო დახმარების მისაღებად. არსებული ცნობით, მიმდინარე თვეში გარდაიცვალა სამი ადამიანი.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დეფაქტო ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუფერხებელი წვდომა და დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა.