ეუთო-ს წარმომადგენელი - ვიმედოვნებ, რეფორმები, რომლებიც მედიის თავისუფლებას იცავს, მომავალშიც იქნება დაცული და საქართველო მაგალითად დარჩება
დემოკრატიაში პროგრესის მიღწევას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მედია თავისი როლის შესრულებას შეძლებს, თუ იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა თბილისში მიმდინარე ეუთო-ს მედიაკონფერენციაზე განაცხადა.
„მედიაკონფერენცია ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია. უკანასკნელ თვეებში რეგიონში მედიის თავისუფლების განვითარებას განვიხილავთ. ვისაუბრებთ ციფრული მედიის განვითარებაზე. ეს მედიის მომავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მედიასივრცეში ასევე არსებობს დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების საკითხები, ასე რომ, დეზინფორმაციის ხანაში კონფერენციის ერთ-ერთი თემა ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიული სტანდარტები და ფაქტების გადამოწმების საკითხები იქნება“, – აღნიშნა ჰარლემ დეზირმა.
მისივე ინფორმაციით, კონფერენციას რეგიონის ქვეყნების, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, მათ შორის ევროპიდან, რუსეთიდან და ყაზაზეთიდან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იქნება იმ დროს, როდესაც პრესის გაძლიერებაა საჭირო. რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას ახალ პოლიტიკურ გამოწვევებთან და ცვლილებებთან უწევთ გამკლავება. დემოკრატიაში პროგრესის მიღწევას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მედია თავისი როლის შესრულებას შეძლებს, თუ იქნება თავისუფალი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გატარებული რეფორმები, რომლებიც მედიის თავისუფლებას იცავს, განსაკუთრებით საქართველოში, მომავალშიც იქნება დაცული და საქართველო კი მომავალშიც მაგალითი იქნება“, – განაცხადა ჰარლემ დეზირმა.
მისივე თქმით, მედიაკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის საკითხსაც განიხილავენ.
„ჩვენ აღნიშნულ საქმეს თვალყურს ვადევნებდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იყო. ასევე, თვალყურს ვადევნებდით მფლობელის შეცვლის პროცესს. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების მუშაობაში მედიის თავისუფლება იყოს დაცული და პოლიტიკური ჩარევა არ ხდებოდეს. მათ შორის, არის „რუსთავი 2“ და ახალი მედიაპროექტი, რომელიც ახლა ჩაეშვა. ასევე, არ უნდა განხორციელდეს ისეთი სახის ქმედებები, რომლებიც ჟურნალისტების საქმიანობას შეაფერხებს. მნიშვნელოვანია, საქართველოში მრავალფეროვნება და მედიაპლურალიზმი კვლავ განვითარდეს. ვფიქრობ, ეს ქვეყნის მომავლის გასაღებია“, – დასძინა ჰარლემ დეზირმა.
თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერებაა.