ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმის პაკეტზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, მარგარეტა სიდერფელტი და კრისტიან ვიგენინი განცხადებას ავრცელებენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან.

„როგორც საქართველოში ბოლო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერები, ჩვენ მივესალმებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას საქართველოს საარჩევნო მოდელის რეფორმირების შესახებ. ჩვენ ვულოცავთ მხარეებს ამ ისტორიული შეთანხმების მიღწევას, რომელიც პარლამენტის მიერ მისი ოფიციალური მიღების შემდეგ, შერეულ პროპორციულ-მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, დაქვეითებულ ბარიერს და საარჩევნო ოლქების დაბალანსებულ შემადგენლობას უზრუნველყოფს.

წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეიძლება ემსახურებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ყველა დაჯგუფებას შორის ნდობის დამყარებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, გააგრძელონ თავიანთი ძალისხმევა დემოკრატიული სისტემის ასაშენებლად, რომელიც ყველასთვის მუშაობს და თავიდან აირიდონ სასამართლო პროცესისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზაცია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან, კეთილსინდისიერი რეფორმის გასაგრძელებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სიდერფელტი და ვიგენინი, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები და ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორები იყვნენ.