ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა [ვიდეო]
ბრატისლავაში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით 26-ე საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინე მარიე ერიკსენ სორაიდმა აღნიშნა, საქართველოში კონფლიქტის მოგვარების საკითხში ეუთო-ს შეუძლია გაცილებით დიდი როლი შეასრულოს, მონაწილე ქვეყნებს ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ.
„ეუთო-ს პლათფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უნდა შეგვეძლოს დიალოგის წარმართვა. დიალოგის საშუალებით ნდობა და უსაფრთხოება იქნება. ახლა ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კონფლიქტების მოგვარებაში ჩართულობასა და ახალი კონფლიქტების თავიდან არიდებაში ეუთო-ს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა აღნიშნა, ევროპაში არსებული კონფლიქტების მიზეზი ეუთო-ს მონაწილე ერთი ქვეყანაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არღვევს ორგანიზაციის პრინციპებს და ეს არის რუსეთი.
„რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ რჩებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზები ვიპოვოთ მთლიან რეგიონში“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიროსლავ ლაიჩეკის თქმით, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ცხოვრობს ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის რეალობაში, მათ შორის, არის თავისუფალი გადაადგილება.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამაჩნია რაიმე მაგიური ფორმულა, როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისები და კონფლიქტები. თუმცა მჯერა, რომ ეუთო-ს ძალისხმევა დაძაბულობის დეესკალაციისა და ახალი დიალოგების დაწყების მიზნით, ფასდაუდებელია. ეუთო იქნება პირველი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობისთვის კონკრეტულ გზებს წარადგენს“, – აცხადებს მიროსლავ ლაიჩეკი.