ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2018 წლის 1 მარტს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების შედეგად, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების შესახებ.
საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სიცოცხლის დაცვის მინიმალური გარანტიებიც კი არ არის უზრუნველყოფილი.
განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა არ წარმოადგენს ცალკეულ შემთხვევას. 2016 წლის მაისში რუსმა ე.წ. ,,მესაზღვრეებმა“ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე იმსხვერპლეს, ხოლო 2014 წელს ახალგორის რაიონიდან გაუჩინარებული დავით ბაშარულის გარდაცვალება კვლავ არ არის სათანადოდ გამოძიებული.
საქართველოს დელეგაციამ დაგმო რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებები, რომელიც აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც საქართველოში, ისე მთელს ეუთო-ს რეგიონში. ქართული დელეგაციის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საჭიროებას.
საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ამასთანავე, მოხსნას ყველა დაბრკოლება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტიანი ჩატარებისათვის, საერთაშორისო აქტორების შესაძლო მონაწილეობით.
საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, აშშ-სა და მოლდოვას დელეგაციებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და ანდორა.
დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს.
ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, მისი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
ევროკავშირმა მოუწოდა ცხინვალში მოქმედ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გადასცენ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახს და უზრუნველყონ საქართველოს ორი მოქალაქის, ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაბრუნება თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირი ასევე მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), მანდატის შესაბამისად, დაშვებას.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში.
აშშ-ს დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, წარმოადგინონ სრული ინფორმაცია გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. აშშ-მ ასევე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდა დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე.
აშშ-ს განცხადებაში ხაზი გაესვა ასევე 2016 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას.
აშშ-მ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დასძინა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.
აშშ-მ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.
მოლდოვას წარმომადგენელმა სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო-ს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობას. მანვე განაცხადა, რომ სუამ-ის რეგიონის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.