ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
„მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და დაგმო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, აგრეთვე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.
დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ეუთო-ს ფარგლებში აქტიურად განხილვის საჭიროებას. აქცენტი გააკეთა საერთაშორისო დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების, მათ შორის, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის გააქტიურების აუცილებლობაზე.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ეუთო გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ ჩართულობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვენას სამუშაო ვიზიტით 11-12 აპრილს ეწვია.
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.