ეუთო-ს გენერალური მდივანი - რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნებს შორის ნდობის აღსადგენად და რეგიონული ჰუმანიტარული ძალისხმევის განსახორციელებლად
ეუთო-ს აქვს მანდატი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით და მნიშვნელოვანია, ყველა არსებული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული ქვეყნებს შორის ნდობის აღსადგენად, ასევე რეგიონული ჰუმანიტარული ძალისხმევის განსახორციელებლად, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანინი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და მადლობა გადაუხადა დისკუსიის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს დახმარებისა და ძალიან სწრაფი რეაგირებისთვის.
„ვხედავთ საშინელი მიწისძვრის შედეგებს თურქეთსა და სირიაში. მინდა, ძალიან დიდი მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს თქვენმა ქვეყნებმა და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ბატონო ფაშინიანო, თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ორი დღის წინ იყო ჩასული თურქეთში, თავის კოლეგას ხვდებოდა. ამ ტრაგედიის ფონზე, პოულობთ გზებს, რომ ერთად ვიმუშაოთ და ეს არის შესაქები. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. შეიძლება, პირდაპირი გავლენა არ ჰქონია, საუბარი მაქვს უკვე ომზე უკრაინაში, მაგრამ ძალიან ძლიერი გრძნობა არსებობს იმისა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა შერყეულია და ერთადერთი გზა წინ არის პროცესების გაგრძელება, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება და დიალოგის გაგრძელება“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ეხება ადამიანებს, მათ მომავალს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი.
„ამაში ეუთო-ც არის ჩართული. ჩვენ გვაქვს მანდატი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, სავაჭრო ურთიერთობების წახალისების, დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით, ჩვენთვის რთულია მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია, რაც შეეხება საზღვრებს, პატიმრებს, ტყვეებს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არსებული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული, ნდობა აღდგეს ქვეყნებს შორის და რეგიონებს შორის, რეგიონული ჰუმანიტარული ძალისხმევა განხორციელდეს. ამაზე ისედაც ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია და ხვალ დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს შევკრებთ. თქვენ არ გაგიკვირდებათ, ქალებიც არიან ამ პროცესში ჩართული. რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ასევე ვუჭერ მხარს ბრიუსელის ხელმძღვანელობით წარმართულ დიალოგს და იმ გზამკვლევის განხორციელებას, რომელსაც ჩვენ ხელს ვუწყობთ. ეს ყველაფერი ეხება ადამიანებს და მათ მომავალს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.