ეუთო/ოდირი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან კი, აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი
საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან კი, აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.
„ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, შვიდი ქართველი მონიტორით, რომლებიც მუშაობდნენ კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მისიის ოფისებში არსებული აღჭურვილობის გამოყენებით. მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით – პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და „აჭარა“ ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, მაგრამ კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, რაც აშკარად იყო მიმხრობა ერთი ან მეორე პოზიციისადმი. გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის. ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში, მაგრამ ასეთი დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამის სურვილი არ გამოუვლენიათ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა პრესკონფერენციაზე.