„ეურაქტივი“ - საქართველო აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის
საქართველოს გააფთრებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ეურაქტივი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა. აქვე ნათქვამია, რომ სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და „ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის“.
სტატიაში შედარებისთვის სომხეთის მაგალითია მოყვანილი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა იყო.
„ეურაქტივის“ სტატიაში მოყვანილია ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარის, თომას დე ვაალის შეფასება.
„ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, – აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიაში მაგალითად მოყვანილია რამდენიმე ქართველი ექსპერტისა და მკვლევრის მოსაზრებები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების ქართველმა ექსპერტმა, ზურაბ ტატანაშვილმა Eurasianet-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ „საჭესთან (მართვის სადავეების) პროფესიონალების დაყენება ალბათ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიუღია ამ მთავრობას“.
ანალიტიკური ცენტრის GEOCASE-ის მკვლევარმა, ლიკა ჭიპაშვილმა Euradio-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა.
„სავარაუდოდ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს დამატებით ორი კვირა ჰქონდა ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის“.
„ეურააქტივის“ სტატიაში მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები.
„საქართველომ ჩინეთთან ფრენები იანვრის დასაწყისში გააუქმა და მკაცრი ზომები მიიღო აეროპორტებში ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. დაიკეტა საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. თუმცა, სავაჭრო ცენტრების მსგავსი საჯარო სივრცეების დაკეტვა შედარებით მოგვიანებით მოხდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მაღაზიების დაკეტვის შესახებ განცხადება 19 მარტს გააკეთა. მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, გაზგასამართ სადგურებს, ფოსტასა და ბანკებს აქვთ ფუნქციონირების უფლება“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ 20 მარტს, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება: „საქართველოს ყველა მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, რადგან ყოველი ადამიანის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 21 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „არა-ქსტრემალურად“ მოხსენიებული საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის დაწესების გარეშე. მკაცრი ზომების დაწესება გუშინაც გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტს მუშაობას. ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნისას.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის.