Euractiv - ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებამ, რომ ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ძალების განთავსების საჭიროება არ არის, სოფიაში პოლიტიკური დაძაბულობა შექმნა
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, სტეფან იანევის განცხადებამ, რომ ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ძალების განთავსების საჭიროება არ არის, სოფიაში პოლიტიკური დაძაბულობა შექმნა. როგორც გამოცემა Euractiv-ი წერს, თავდაცვის მინისტრის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი და განაცხადა, რომ მინისტრმა პირადი პოზიცია გამოხატა, რომელიც ამ გზით არ უნდა გამოეხატა.
„ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარმა დებატებმა ან მიდგომამ შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის არასასურველი ზრდა გამოიწვიოს. მეტიც, ამ ეტაპზე არ არის საფუძველი, რომ მიმდინარე პროცესები განვიხილოთ როგორც პირდაპირი საფრთხე ალიანსის ან უსაფრთხოების შესაბამისი ზონის მიმართ“, – დაწერა იანევმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამშაბათს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას მეორე დღეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბულგარეთი დარჩება ევროკავშირის და ნატო-ს აქტიურ წევრად და რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება კოორდინირებულად უნდა მოხდეს.
„ამგვარი გადაწყვეტილებები არ მიიღება პერსონალური მოსაზრებით. ასეთი პირადი მოსაზრებები არ გამოიხატება ამგვარი გზით. ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე ევროკავშირისა და ნატო-ს პოლიტიკის გაგრძელების საუკეთესო გზა არის დიპლომატიური და მშვიდობიანი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ბულგარეთის ინტერესებშია, რომ სამეზობლოში არ მოქმედებდეს საომარი მდგომარეობა“, – განაცახადა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა.
ბრიუსელში, 17 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტლტენებერგთან გამართულ შეხვედრაზე პეტკოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი სრულად იზიარებს ევროკავშირის პოზიციას უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა საკუთარი მოსაზრება მას შემდეგ გამოხატა, რაც გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების ფონზე, ნატო-ს გენერალი ტედ უოლტერსი გამოვიდა ინიციატივით ბულგარეთსა და რუმინეთში ალიანსის ძალების განთავსების შესახებ.
გამოცემა Euractiv-ის ცნობით, ბულგარეთში სამ ბაზაზე უკვე განთავსებულია აშშ-ის სამხედროების შეზღუდული რაოდენობა, რაც გათვალსწინებულია 2006 წლის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ბულგარეთში აშშ-ის შეუძლია 2500-მდე სამხედროს განთავსება.