ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე პასპორტების გაცემის საკითხზე
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე პასპორტების გაცემის საკითხზე

ევროკავშირმა სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ბოლო პროვოკაციულ ქმედებებზე, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტების გაცემის საკითხზე, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსების ათი წლისთავი. ესტონეთის პოზიციიდან, ჩვენი გზავნილი მკაფიოა – ევროპამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ის და უნდა განვავითაროთ ამ პროექტის პოლიტიკური და სხვა სფეროები, რომლებითაც ეს პარტნიორობა გამოირჩევა.

ევროკავშირმა ასევე სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ბოლო პროვოკაციულ ქმედებებზე, ვგულისხმობ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტების გაცემის საკითხს. ჩვენ უნდა დავგმოთ ეს ქმედებები და მასზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებით“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.