სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზემოქმედება საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებითა და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით, – ამის შესახებ საუბარია ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში, სახელწოდებით „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“. ანგარიში უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. საქართველო კი, დოკუმენტში რამდენჯერმე არის ნახსენები.
ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.
„კრემლმა არაფერი გააკეთა, რათა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტი დაესრულებინა. ამის ნაცვლად, ის აგრძელებს კონფლიქტის კონტროლს, შეიარაღების მიწოდებას და ყველა შესაძლო გზას მიმართავს უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად. რუსეთი ანალოგიურად იქცევა სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც მის „სამეზობლო რეგიონში“ მდებარეობს. ის ძალისმიერად იჭრება ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ რუსეთი 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად ჩაერევა.
„2019 წელს რუსეთი ჩაერია დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს 2020 წელსაც. წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. მთავარი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს რუსეთისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგი. ამიტომ რუსეთი მხარს დაუჭერს მის მიმართ კეთილგანწყობილ კანდიდატებს ან მათ, ვისაც დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენა აქვთ. მეტიც – რუსეთს სურს, აჩვენოს, რომ დასავლეთი სამართლიანი არჩევნების გამართვას ვერ ახერხებს, რაც შესაძლებლობაა მოსკოვისთვის, რუსეთის პრობლემებისგან ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს და მიმართოს უკვე გამოცდილ რიტორიკას და დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე ისაუბროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ესტონეთის სადაზვერვო სამსახურში ამბობენ, რომ მათი პროგნოზით, რუსეთი წელსაც გააგრძელებს კიბერიერიშებს დასავლეთის სამხედრო სექტორზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების სამიზნე, სავარაუდოდ, გახდება სამხედრო წვრთნები – „ევროპის დამცველი 2020“, რომელიც ევროპაში აპრილსა და მაისში გაიმართება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა კვლავ დაფუძნებულია მმართველი ელიტის ხედვაზე, რომლის მიხედვით რუსეთი ძლიერ გლობალურ მოთამაშედ უნდა იქცეს.
„შეზღუდული რესურსების პირობებში, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიოს დასავლეთს ან ჩინეთს, ამიტომ ის სტრატეგიულად ცდილობს, მხარი დაუჭიროს მულტიპოლარულ სამყაროს. გლობალური მნიშვნელობის შესანარჩუნებლად, რუსეთი ყველა ძალით ცდილობს, დაეყრდნოს „ახალო სამეზობლოს“ და ასევე ზრდის ფოკუსს შორს მდებარე რეგიონებზეც. რუსეთის მმართველებისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოში, რათა ხელი შეუშალონ მათ დასავლეთთან ინტეგრაციას. ამისათვის, რუსეთი ენერგიულად ერევა იმ ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროში მყოფ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ესენია: ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზემოქმედება საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებით და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ესტონეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშში რუსეთის მხრიდან საქართველოზე გაძლიერებულ ზემოქმედებას ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთმა თვალსაჩინოდ გააძლიერა სამხედრო და პოლიტიკური გავლენა საქართველოზე.
„2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსეთის შენაერთები თანამედროვე შეიარაღებით არიან აღჭურვილი და 2019 წლის სექტემბერში რეგულარულ წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დააფინანსებს აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზებას და გადაიარაღებას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია: „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს, 2019 წელს სიტუაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაძაბული იყო. სასაზღვრო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადაწევის მცდელობები გახშირდა და უფრო ინტენსიური გახდა. სეპარატისტული ძალების სამხედროები, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებიან, უფრო აგრესიულად და პროვოკაციულად იქცევიან. ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ფიზიკურ მუქარასაც მიმართავენ. მნიშვნელოვანია, გავიმეოროთ, რომ სამხრეთ ოსეთის „მთავრობის“ ავტონომია ილუზიაა – ისინი მოსკოვის მარიონეტები არიან. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო ზემოქმედებაზე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთი ჩაატარებს სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს – „კავკასია 2020“. ეს სწავლებები გაიმართება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც სამხრეთ კავკასიას ესაზღვრება“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოზე სამხედრო ზეგავლენის პარალელურად, რუსეთი აგრძელებს ზემოქმედების აქტივობებსაც.
„ამის კლასიკური მაგალითია ევგენი პრიმაკოვის რუსული საზოგადოებრივი ცენტი საქართველოში, ასევე ალექსანდრ გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდის ფილიალი, რომლებიც წარმოადგენენ და მოქმედებენ რუსეთის ზეგავლენის მოხდენის აქტივობების ინსტრუმენტებად. პრიმაკოვის ცენტრი საქართველოში ატარებს რუსული ენის კურსებს, ასევე რუსეთის კულტურას, ისტორიას აცნობს და ატარებს კონფერენციებსა თუ სემინარებს. ამ ერთი შეხედვით უმწიკვლო აქტივობების რეალური მიზანი ის არის, რომ საქართველოს მოქმედი და მომავალი ელიტისთვის რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები უფრო მისაღები გახდეს. გარდა ამისა, რუსეთი ზემოქმედების აქტივობებისთვის თბილისში, 2019 წლის დეკემბერში კიდევ ერთი ცენტრის გახსნას გეგმავდა. საუბარია რუსეთის კულტურულ ცენტრზე – „რუსკი მირ“. ფონდი „რუსკი მირ“ ასევე შექმნილია და მუშაობს რუსეთის ზეგავლენის აქტივობების სასარგებლოდ. უკანასკნელ წლებში საქართველოში გაიზარდა ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდაც. ამ საქმეში მთავარ როლს ასრულებს „ქართული მარში“, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ამ ორგანიზაციის მიზანია, გაუწიოს წინააღმდეგობა დასავლეთის მიერ საქართველოს საზოგადოებაზე ვითომდა თავსმოხვეულ ღირებულებებს, რომელიც თითქოს საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას. ეს არის აგრესიული ორგანიზაცია, რომელიც არ ერიდება ფიზიკურ თავდასხმებს ოპონენტებზე. მისი ამოცანაა, ევროკავშირსა და ნატო-ში (NATO) საქართველოს გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეარყიოს. ეს მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონსენსუსს წარმოადგენს, რომელიც 15 წელია, უცვლელია. ასევე, „ქართული მარშის“ მიზანია გააღვივოს შიდა დაძაბულობა და გამოიწვიოს კონფლიქტი ქართულ საზოგადოებაში. „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთთან და მოსკოვის ზეგავლენის აქტივობებთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.