ჩვენ ვართ უფრო ძლიერი, თუ ვართ ერთად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ესტონეთის პრიორიტეტია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის გახსნამდე განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, დღეს პასუხები გაეცემა ყველა კითხვას, როგორ უნდა გააძლიერონ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი: 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს; 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს; 3. ძლიერი კავშირები, რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება; 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება.