ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან შესაძლო ბიზნესის კავშირებზე მისი მეუღლის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან შესაძლო ბიზნესის კავშირებზე მისი მეუღლის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, თავისი მეუღლის „რუსული ბიზნესის“ გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, უარყო ბრალდებები პარლამენტთან, რომ მას რუსეთთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა, – ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი მეუღლის კომპანია ახდენდა ტრანსპორტირებას ესტონური კომპანიის ორ ქარხანას შორის, რომელთაგან ერთი რეალურად მდებარეობდა რუსეთში.

„როგორც კი ეს ცნობილი გახდა, მეორე დღესვე პრესკონფერენციაზე შევძელი, მეთქვა, რომ მეუღლის კომპანია წყვეტს ესტონურ კომპანიასთან მომსახურებას და მეტიც, პარასკევს ჩემმა ქმარმაც დატოვა ამ კომპანიის აქციონერები. არანაირი კავშირი აღარ არის“, – თქვა კალასმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება მის რწმენას, ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს ყველაფერს, რასაც ამბობდა სკანდალის დაწყებამდე და შესაბამისად იმოქმედებს.

„მე ვთქვი, რომ რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი აქტივობა უნდა შეწყდეს, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება. ასე რომ, ჩემი მორალური შეფასებები ზუსტად ისეთივე რჩება, როგორიც იყო ადრე და იქნება მომავალშიც. ეს ჩემი ქმედებებით ვაჩვენე“, – აღნიშნა კალასმა.

კალასმა რუსეთთან შესაძლო ბიზნესის კავშირებზე მისი მეუღლის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა. ისინი მის გადადგომას ითხოვენ. კალასის თქმით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ კაია კალასის კომენტარი ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 24 აგვისტოს გაავრცელა. ესტონეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ორშაბათს შეიტყო და მისი კომპანია რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს. ესტონეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ Stark Logistics-ს არ დაურღვევია სანქციები.

ამასთან, პორტალ „დელფისთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გადადგომაზე ფიქრის მიზეზებს ვერ ხედავს. „მე ვერ ვხედავ გადადგომის საკითხის განხილვის აუცილებლობას, რადგან არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ჩემს ქმარს ცუდი არაფერი ჩაუდენია“, – აღნიშნა კალასმა.