ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, დიპლომატების ვიზიტი არის უკრაინისადმი სოლიდარობის გამოვლინება რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე.

„ერთობლივი ვიზიტის მიზანია უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის დადასტურება“, – განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ ესტონეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, აარი ლემიკმა.

ესტონეთის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების გაძლიერება შეშფოთებას იწვევს.

„ბოლო კვირებში ჩვენ ვიხილეთ დონბასში ძალადობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის ინტენსივობის სამწუხარო მკვეთრი ზრდა. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ რუსეთის ჯარების გაძლიერებით, რომლებიც განთავსდა უკრაინისა და ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის გასწვრივ“, – განაცხადეს სამინისტროში.