ესტონეთის ელჩი - კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ საქმეზე, არამედ მართლმსაჯულების ზოგად შეფასებაზე, ამ მიმართულებით, საქართველოს კარგი პროგრესი აქვს, მაგრამ წინ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი
ესტონეთის ელჩი - კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ საქმეზე, არამედ მართლმსაჯულების ზოგად შეფასებაზე, ამ მიმართულებით, საქართველოს კარგი პროგრესი აქვს, მაგრამ წინ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი

ესტონეთმა მხარი დაუჭირა და გააკეთა შეთავაზება, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ჩვენი პოზიციაა და ის სხვა წევრებთან იქნება განხილული, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რინა კალიურანდმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, ესტონეთი, როგორც ქვეყანა, მხარს ვუჭერთ და გავაკეთეთ შეთავაზება, რომ ამ სამ ქვეყანას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ჩვენი პოზიციაა და ის სხვა წევრებთან იქნება განხილული. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება. ვფიქრობ, სამი არჩევანია, ერთი არის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მეორეა კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭება და მესამე არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ვსაუბრობდით სხვაობებზე. ვფიქრობ, თქვენ ხვდებით, რომ ფოკუსი ახლა არის უკრაინაზე. უკრაინა თუ მიიღებს ცოტათი მეტს, ვიდრე დანარჩენი ორი – ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არ არის დაზუსტებული. არავის არაფერი გადაუწყვეტია. არავის გავუფრთხილებივართ წინასწარ რაიმე გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე.

„ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო რომელიმე სპეციფიკურ სამართლებრივ საქმეზე. ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ წინ გასავლელი კიდევ ძალიან, ძალიან გრძელი გზაა. იმედი მაქვს, ეს ბოლო სამართლებრივი საქმეები არ ეფუძნება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებს, მათთან დაკავშირებით, ვინც დაკავებული ან დაპატიმრებულია“, – განაცხადა რინა კალიურანდმა.

ამასთან, მისი თქმით, ესტონეთმა რეფორმების განხორციელება 1993 წელს დაიწყო და ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა.

„რეფორმების პროცესი არასდროს სრულდება, ეს მოძრავი მოცემულობაა. ასეთია ესტონეთის გამოცდილებაც. ჩვენ რეფორმები დავიწყეთ 1993 წელს, ევროკავშირის წევრი კი 2004 წელს გავხდით. ჩვენ მართლა დავაკმაყოფილეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი რეფორმების პროცესს მიყოლა, რადგან სხვა შემთხვევაში, როგორც ჩემმა ფრანგმა კოლეგამ ძალიან კარგად თქვა, ქვეყანა ვერ გაუძლებს ადმინისტრაციულ ზეწოლას, თუ მისი კანონმდებლობა ჰარმონიაში არ მოდის ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

კითხვას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტმა მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები უკვე მიიღო და რატომ არ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, ესტონეთის ელჩის განცხადებით, არ იცის, რატომ მოხდა ასე.

„არ ვიცი, ეს ასე რატომ მოხდა. ვფიქრობ, თქვენ უნდა განასხვაოთ, რა ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში და შემდეგ ნახოთ, რა არის პოლიტიკურად საინტერესო და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ხშირად ეს ორი ნარატივი ერთმანეთშია არეული. ვფიქრობ, უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში ხდება ცოტა ზედმეტად შიდა პოლიტიკური საკითხია საქართველოში და ეს ასე არ უნდა იყოს, ამ დონეზე შიდაპოლიტიკური საკითხი. ეს არის სტრატეგიული საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ყველა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა რინა კალიურანდმა.