ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი აცხადებს, რომ ესტონეთი უკრაინას ომში გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს
ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი აცხადებს, რომ ესტონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს ომში მის გამარჯვებამდე, – ამის შესახებ კრისტენ მიხალმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ომში უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ ამას გრძელვადიანად გავაკეთებთ. ვიმედოვნებ, ჩვენი მოკავშირეებიც“, – განაცხადა ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ესტონეთის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
„ახალი მთავრობის მთავარი მიზანია, მიანიჭოს ესტონელ ხალხს, ესტონურ ეკონომიკას, ჩვენს მოკავშირეებს უსაფრთხოების შეგრძნება და ასევე გაუგზავნოს ჩვენს მტერს გზავნილი, რომ ესტონეთი კარგად არის დაცული. ჩვენ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ნატო-ში მოკავშირეებთან და ასევე, უკრაინასთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ჩვენი მშპ-ის 0,25%-ით. წინა მთავრობიდან მომდინარე ეს ვალდებულება ძალაში რჩება“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
ესტონეთის ახალმა მთავრობამ, კრისტენ მიხალის ხელმძღვანელობით, პარლამენტში დღეს დადო ფიცი.
პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კაია კალასი 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას ჩაუდგეს სათავეში.