ესტონეთი 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთისგან გაზის შეძენას შეწყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომის შემდეგ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა გამოაცხადა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უარი ვთქვათ რუსეთიდან გაზის შეძენაზე. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მიგვაჩნია, შეუძლებელია, გავაგრძელოთ რუსეთის ომის მანქანის კვება. რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლის 40 პროცენტი მოდის ნავთობიდან, გაზიდან და ქვანახშირიდან“, – განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, ესტონეთის გადაწყვეტილებით, შემოდგომისთვის ესტონეთი და ფინეთი ერთობლივი ძალისხმევით ააშენებენ ნავსადგურებს და შექმნიან ფინეთის ყურეში თხევადი აირის მცურავ საცავს, რომელსაც ორივე ქვეყანა გამოიყენებს.